თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, McDonald’s-ის მიმდებარე ტერიტორიასა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერების მოწყობა მიმდინარეობს, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, წელს ბათუმში 10 ახალი სკვერი მოეწყობა. გასულ წელს ბათუმის მერიამ ქალაქში 12 ახალი სკვერის მშენებლობა განახორციელა.
სკვერების მოწყობის სამუშაოებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გაეცნენ. ჩიქოვანის თქმით, ჯამში სკვერების მშენებლობაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მთავრობის თავმჯდომარე აქვე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა.
„მისასალმებელია, რომ ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ პრაქტიკულად ყველა უბანში მერია აკეთებს ახალ სკვერებს, ახალ პარკებს, ახალ სარეკრეაციო სივრცეებს. McDonald’s-ის გვერდით ძალიან ბევრი ახალი მშენებლობაა და ამ მშენებლობებს სჭირდება დამხმარე ინფრასტრუქტურა, ახალი სკვერები, ახალი საპარკინგე სივრცეები“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ე.წ. „იალჩინის“ მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელიც ადრე გასხვისდა. რიჟვაძემ დაავალა შესაბამის უწყებებს, აღნიშნული კომპლექსის მშენებლობაზე არსებული ნებართვები და ხელშეკრულებები გააუქმონ.
„არ აშენდება, რადგან არ შეიძლება ამდენ ადამიანს დისკომფორტი შევუქმნათ. ეს გადაწყვეტილია”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თურქულ კომპანია „იალჩინს“ (სს „ია ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთის“ წარმომადგენლობა საქართველოში“) ბათუმის მერიის მიერ უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვაზე. კომპანიას დარღვეული აქვს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებები.