„ხვანჭკარა“ და ნამდვილი რაჭული ლობიანი: თბილისი რაჭის დღეებს უმასპინძლებს

შაბათ-კვირას მასტერ-კლასებიც გაიმართება, სადაც საზოგადოება გაეცნობა რაჭულ ლორთან ერთად მოხარშული და შეკმაზული ლობიანის თონეში ჩაკვრას.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. თბილისის სავაჭრო ცენტრში „ბაზარი ორბელიანზე“ სამი დღის განმავლობაში რაჭული დღეები გაიმართება.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 1, 2 და 3 აპრილს რაჭიდან ფერმერები შეიკრიბებიან „ბაზარში ორბელიანზე“ და სხვადასხვა რაჭულ პროდუქტს წარმოადგენენ.

„რაჭული დღეები წარმოუდგენელია ლორისა და ღვინის გარეშე, სწორედ ამიტომ ბაზარში შეძლებ დააგემოვნო ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური კუთხის ვენახებიდან, კალმახი ლეჩხუმიდან, აკაციის, ცაცხვის, წაბლის ხის ყვავილებისა და მცენარეების ნექტრისგან მიღებული ნატურალური თაფლი ამბროლაურიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შაბათ-კვირას ბაზრის შუაგულში გაიმართება მასტერ-კლასი, სადაც საზოგადოება გაეცნობა ნამდვილ რაჭულ ლორთან ერთად მოხარშული და შეკმაზული ლობიანის თონეში ჩაკვრას.