შამუგია: ფასების გლობალური ზრდის ფონზე საქართველომ ადგილობრივი წარმოება უნდა განავითაროს

ამ ეტაპზე ქვეყანას პროდუქციის მოწოდებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს და არც შეფერხებებია მოსალოდნელი, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების წარმოება, რაც ქვეყნის თვითუზრუნველყოფას გაზრდის, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის თებერვალში 13,7% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს).

„ჩვენ ვერ ვიქნებით, სამწუხაროდ, გამონაკლისი, ვინაიდან დიდწილად ბევრ პროდუქტებთან დაკავშირებით დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ამიტომ ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტების წარმოების ზრდას და გავაუმჯობესოთ თვითუზრუნველყოფა, და ამისთვის ვახორციელებთ კიდეც პროგრამებს", – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოწოდებებთან დაკავშირებით საქართველოში პრობლემები არ არის.
„იმპორტიორებისგან მოწოდებული ინფორმაციით ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე პროდუქტების მომარაგების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და არც ველოდებით, რომ რაიმე შეფერხებები გვქონდეს", – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ მარტის შუა რიცხვებში სურსათზე ფასების ზრდა ივარაუდა, ვინაიდან საქართველო დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, ფასებზე გავლენას მოახდენს როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის და საწვავის იმპორტის ფასები.
გაძვირების კიდევ ერთ მიზეზად საქართველოს იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა რუსეთიდან იმ საერთაშორისო საწარმოების შესაძლო გასვლა დაასახელა, რომლებიც პროდუქციას მეზობელი რეგიონებისთვის აწარმოებდნენ.