პროკურატურამ ქობულეთში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქობულეთში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ცნობით, ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე აღნიშნულმა პირებმა აქციის მონაწილე სამი ადამიანი სცემეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ.
პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინციდენტი ქობულეთში 22 მარტს მოხდა. სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსვლელობას „კონსერვატიული მოძრაობის“ მომხრეები შეუერთდნენ. ვითარების განმუხტვას პოლიცია შეეცადა.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე შეიქმნა.