ზალკალიანი ეუთოს თავმჯდომარეს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თავის პოლონელ კოლეგას, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ზბიგნევ რაუს თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეხვდა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ზალკალიანმა თავის კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს ვიზიტი რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე საქართველოს მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

გარდა ამისა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის აქტიური მონაწილეობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ამ ფონზე რეგიონში არსებულ რთულ სიტუაციაზე უშიშროების თვალსაზრისით. ამ კონტეტქსში აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე აღინიშნა ის ძალისხმევა, რომელიც საქართველომ უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით გამოიჩინა, მათ შორის – ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გამოხატული მხარდაჭერა.
საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს>>
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება. ასევე აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრებისას პროგრესის მიღწევის მნიშვნელობა.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის ყველა მიმართულება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

მხარეებმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ მზად არიან განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთს შორის 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. ამ დროის განმავლობაში გაფორმდა 15-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც არეგულირებენ თანამშრომლობას ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვისა და სხვა სფეროებში.