წალენჯიხის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და კიდევ ცხრა პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს წევრის და მერის წარმომადგენლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან კავშირში მყოფ კიდევ ცხრა პირს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა.
მერის წარმომადგენელმა შეთანხმებისამებრ გასცა ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც საკრებულოს წევრმა და მისმა ნათესავებმა ერთი დღის ინტერვალით მიმართეს საჯარო რეესტრს და უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ქონება.
უწყების ცნობით, ყალბი ცნობების საფუძველზე აღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს სულ 406.250 ლარის ღირებულების ჯამში 100.083 კვადრატული მეტრი 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის საკრებულოს წევრი დააკავეს>>>
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 8 პირს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოფელ ეწერში წალენჯიხის მერის წარმომადგენელს კი ბრალდება სსკ-ის 25–180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 341-ე მუხლით (წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება და სამსახურებრივი სიყალბე) წარედგინა, რაც ასევე ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო წალენჯიხის მერიის თანამშრომელს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე). დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს წევრის და მერის წარმომადგენლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, ასევე სხვა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების მიზნით.