თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისში გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ TBC Concept გალერეაში 1 აპრილს გაიხსნება.
ექსპოზიცია აერთიანებს კურატორებისა და მხატვრების – თამარ ნადირაძის, ზურაბ მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძის, ნატო ბაგრატიონის და სხვათა ნამუშევრებს. პროექტის იდეის ავტორები არიან ილუსტრატორები გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი.
„მუზეუმის ავტორებმა ბიბლიოთეკებსა და არქივებში ზღაპრის სხვადასხვა ვერსიები, სხვადასხვა ნაწილები მოიძიეს და გააერთიანეს. წიქარას მუზეუმი სინამდვილისა და გამოგონილის ნაზავია. ავტორებმა ზღაპრის გმირის ნივთებსაც მიაგნეს და მუზეუმში გამოფინეს. მუზეუმზე მუშაობა გამოძიებას ჰგავდა. ნივთები ნივთმტკიცებებია იმის დასტურად, რომ ზღაპარი ოდესღაც მართლაც მოხდა“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მარიამ ნატროშვილმა.
გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ პირველად 2018 წლის ოქტომბერში, პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა – საქართველო“ კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტში, შტრუველპეტერის მუზეუმში იქნა წარდგენილი.
ექსპოზიცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, მაშინდელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შტრუველპეტერის მუზეუმის და „TBC ბანკის“ ხელშეწყობით განხორციელდა.
TBC Concept-ის სივრცეში გამოფენის დათვალიერება შესაძლებელი იქნება 1-28 აპრილის პერიოდში.