რამდენი ბავშვი დაიბადა საქართველოში 2021 წელს

საქართველოში შობადობის მხრივ დედაქალაქი ლიდერობს.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს დაახლოებით 45,9 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც 2020 წელთან შედარებით 1,2%-ით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, 2021 წელს დაბადებულთა შორის 23.911 ბიჭი და 22.035 გოგონაა.
შობადობის მხრივ პირველ ადგილზე დედაქალაქია – 2021 წელს თბილისში 14.979 ბავშვი დაიბადა. მეორე ადგილზეა იმერეთი – 5.879, ხოლო მესამეზეა ქვემო ქართლი – 5.398 ბავშვი.
ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა მცხეთა-მთიანეთისა (1.014) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (263) რეგიონებში.
დედების საშუალო ასაკია 25-დან 29 წლამდე. ამასთან, 25 წლამდე დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28,4%-დან 27,2%-მდე შემცირდა, ხოლო 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67,2%-დან 69,2%-მდე გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18,5%-ით გაიზარდა და 59.906-ს მიაღწია. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (17.922) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874).