დევნილ ვეტერანთა ოჯახებს თბილისში ბინები გადაეცათ

საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დევნილ ვეტერანთა 18 ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადასცა.
უწყების ცნობით, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება.

„საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პროგრამა აქტიურ ფაზაშია. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის წინაშე მათი განსაკუთრებული დამსახურება სათანადოდ იქნას დაფასებული“, – განაცხადა სირბილაძემ.

სულ განსახლებაზე თანხმობა დევნილ ვეტერანთა 123 ოჯახს ეთქვა. ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ განსახლების ალტერნატიული მოდელითაც ისარგებლონ და თავად მოიძიონ ბინა, რომელსაც სააგენტო შეუსყიდის.
დევნილ ვეტერანთა 110 ოჯახს თბილისში საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ>>
საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.
სააგენტო დევნილი ვეტერანების განსახლების მიზნით სპეციალური პროექტის განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.