თბილისი, 29 მარტი – Sputnik. უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების სისტემასთან დაკავშირებით ითვალისწინებს იმას, რომ ისინი არ ვრცელდება ყირიმის ტერიტორიაზე, იუწყება სააგენტო РИА Новости რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმირ მედინსკის განცხადებაზე დაყრდნობით.
„უსაფრთხოების გარანტიები არ ვრცელდება ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე. ანუ უკრაინა უარს ამბობს ყირიმის, სევასტოპოლის სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკების გზით. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ შეესაბამება ჩვენს პოზიციას. მაგრამ უკრაინამ საკუთარი მიდგომა ჩამოაყალიბა“, – განაცხადა მედინსკიმ.
პრეზიდენტის თანაშემწემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები „არ ვრცელდება უკრაინის იმ ნაწილზე, რომელსაც ის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ცალკეულ ტერიტორიებს უწოდებს“. ვარაუდობენ, რომ უკრაინული მხარე ცალ-ცალკე ჩამოაყალიბებს „რა არის ცალკეული რეგიონები" და მიუთითებს "ამ ცალკეული რეგიონების“ ფართობებს, ხოლო რუსეთი, თავის მხრივ, ჩამოაყალიბებს ამას ისე, „როგორც მას ესმის".
უკრაინის დელეგაციის წევრის, დავით არახამიას განცხადებით, კიევი მზადაა გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები უსაფრთხოების გარანტებად განიხილოს.
„ვის ვხედავთ გარანტორებად - პირველ რიგში, გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებს: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთიც შედის იქ, მაგრამ ამაზე ცალკე ვისაუბრებთ, გერმანია, კანადა, პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი“, - განაცხადა არახამიამ.
მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა წინასწარი თანხმობა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ სხვა ქვეყნებიც, სურვილის შემთხვევაში, მოგვიანებით შეძლებენ შეუერთდნენ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.