გარდაიცვალა ქართველი საოპერო მომღერალი ნუგზარ გელაშვილი

ნუგზარ გელაშვილი იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და არაერთი საინტერესო პარტიის შემსრულებელი.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ნუგზარ გელაშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში გამოჩენილი არტისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ნუგზარ გელაშვილის მიერ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ წვლილს და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ნუგზარ გელაშვილი იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, რომელსაც არაერთი საინტერესო პარტია აქვს შესრულებული.
მონაწილეობა აქვს მიღებული ცნობილ სპექტაკლებში: ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“, პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „იოლანტა“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“ და სხვ.
ნუგზარ გელაშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ქართული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის 1999 წელს ღირსების ორდენი მიენიჭა.