თბილისი, 29 მარტი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ატარებს ფოტოკონკურსს „დაინახე და დაანახე“.
კონკურსის თემატიკაა შავ-თეთრი ფოტო. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ აქამდე უცნობი კადრები, რომლებიც მნიშვნელოვან აზრს გადმოსცემს, ამავე დროს არის იდუმალი და მაყურებელი მას ადვილად აღიქვამს.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე სტუდენტები გაგზავნიან ფოტოებს, რომლებიც თვითმმართველობის გვერდზე განთავსდება.
მეორე ეტაპზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული – მაყურებლის ფავორიტი სოციალურ ქსელში და მოწვეული ჟიურის რჩეული. გამარჯვებულებს თსუ-ში გამოაცხადებენ, სადაც სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები მოკლედ უნდა აღწერონ.
გამარჯვებულები 150 ლარით დაჯილდოვდებიან.
ფოტოების მიწოდების ბოლო ვადაა 1 აპრილი. მასში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია დარეგისტრირება ბმულზე.