თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ინკების იმპერიის დაარსებამდე და მზის ღმერთის თაყვანისმცემლობამდე დიდი ხნით ადრე უცნობმა ცივილიზაციამ იქ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე ძველი მზის ობსერვატორია ააგო, იუწყება ScienceAlert.
არქეოლოგიური კომპლექსი ჩანკილიო, რომელიც უდაბნოში მდებარეობს, მოიცავს მზის ობსერვატორიის ნანგრევებს სახელწოდებით „ცამეტი კოშკი“, ტაძარს, საცხოვრებელ სათავსოებსა და მოსახლეობის შეკრების ადგილებს.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ ადგილებს ადგილობრივები რიტუალებისთვის და ასევე მზეზე დასაკვირვებლად იყენებდნენ.
გარდა ამისა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები მზის კალენდრით სარგებლობდნენ.
არქეოლოგების აზრით, საკუთრივ ობსერვატორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500-200 წლების პერიოდში აშენდა. მაგრამ ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში, გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს ადგილი მიუტოვებიათ.
ბორცვზე გაშენებულ მზის ობსერვატორიას „ცამეტი კოშკი“ იმიტომ ეწოდა, რომ ის 13 კოშკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით არიან დაშორებული. კოშკები ერთ ხაზზეა განლაგებული, დაახლოებით 300 მეტრ სიგრძეზე.
თუ კოშკებიდან ამ ხაზის სხვადასხვა წერტილს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ეს ობსერვატორია საკმაოდ ზუსტად აჩვენებს მზის ამოსვლა-ჩასვლას მთელი წლის განმავლობაში. მაგალითად, ზაფხულის ბუნიობის დღეს მზე პირველი მარჯვენა კოშკის მარჯვნიდან ჩნდება, ხოლო ზამთრის ბუნიობისას — პირველი მარცხენა კოშკის მარცხენა მხრიდან.
ობსერვატორიის ამგები უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი უძველესი კულტურა უნდა ყოფილიყო ამერიკაში. ის ინკების ცივილიზაციაზე ათასი წლით უფროსია, რომელიც ასევე ცნობილია ასტრონომიული დაკვირვებებით.
ჩანკილიოს არქეოლოგიური კომპლექსი 2021 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.