თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თუ დასავლეთი უარს იტყვის გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე, მოსკოვი ბუნებრივ აირს უფასოდ არ მიაწვდის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„პრობლემებს მათი წარმოშობის კვალდაკვალ გადავჭრით, ის, რომ გაზს უფასოდ არ მივაწვდით, ცალსახაა. ამის თქმა შეიძლება აბსოლუტური დაბეჯითებით. ჩვენ მდგომარეობაში პანევროპული ქველმოქმედება არც შესაძლებელია და არც მიზანშეწონილი“, — განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ახლა გადახდის ახალ მეთოდზე გადასვლის ვადები დგინდება, საკითხი პროფილურ უწყებებთან განიხილება.
ამასთან პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ გაზის მიწოდების პროცესი „ძალიან, ძალიან რთულია“ და ის უცბად არ გვარდება.
„ეს არ არის რაიმე საქონლის მაღაზიაში შეძენა, სადაც ფულს სალაროში იხდით. მიწოდება, გადახდა და ბალანსის გამოყვანა — ეს დროში გაწელილი პროცესია. სწორედ ახლა ყველა მოდალობა მუშავდება“, — დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.
რუსეთი ევროპას მოხმარებული გაზის დაახლოებით 40%-ს აწვდის „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის, უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის, გაზსადენ „იამალი-ევროპისა“ და „თურქული ნაკადის“ მეშვეობით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს გამოაცხადა, რომ „არამეგობარ ქვეყნებს“, რომლებიც ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ, გაზის საფასურის გადახდა რუსულ რუბლში მოუწევთ. ახლა რუსეთის ცენტრობანკმა და მთავრობამ უნდა განსაზღვრონ რუსულ ვალუტაში ტრანზაქციის პროცედურა.