თბილისი, 28 მარტი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა.
„თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემული იყო ე.წ. ლეციმინტიეს უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ყალბი ცნობების საფუძველზე აღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 406.250 ლარის ღირებულების ჯამში 100.083 კვ.მ 9 მიწის ნაკვეთი.
გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინება თაღლითობაში მონაწილე ყველა პირს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.