სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სამკურნალო თვისებებს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში აფასებდნენ.
Sputnik
სატაცური (Asparagus) – მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურა, სატაცურისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. არსებობს 300-მდე სახეობა. საქართველოში გავრცელებულია სამი. სამეურნეო მნიშვნელობისაა სამკურნალო სატაცური – Asparagus officinaltis, რომლის ფესვი და ყლორტები სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება.
სატაცურის კალორიულობა და შემადგენლობა
1 კილოგრამი პროდუქტის კალორიულობაა 180 კკალორია.

სატაცური სამი ფერისა გვხვდება – მწვანე, თეთრი და იისფერი. ნებისმიერი ფერის მცენარე ბევრ სასარგებლო ვიტამინსა და ნივთიერებას შეიცავს.
სატაცურის შემადგენლობაშია ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, C, E, H, PP. მის ქიმიურ შემადგენლობაშია მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, ფოლიუმის მჟავა.
სატაცურის სასარგებლო თვისებები
სატაცური მდიდარია უჯრედისით , რომელიც კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მცენარეში შემავალი ასპარაგინი აფართოებს სისხლძარღვებს, აქედან გამომდინარე, ის ამცირებს არტერიულ წნევას, იცავს გულის კუნთს.

სატაცური ბუნებრივი დიურეტიკია, რომელიც წმენდს თირკმელებს, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მას თირკმელებიდან კენჭები გამოაქვს, თუმცა ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.
მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები>>

სატაცურს გააჩნია ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ასრულებს ანტიოქსიდანტის ფუნქციას, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

სატაცურს ასევე იყენებენ პოდაგრის, რევმატიზმის, შეშუპებისა და ნერვული აშლილობის დროს.

მას უძველესი დროიდან მიიჩნევენ მძლავრ აფროდიზიაკად, რომელიც ამაღლებს ქალის ლიბიდოს და აძლიერებს მამაკაცის პოტენციას.
ჭინჭარი – გემრიელი და უაღრესად სასარგებლო მცენარე
სატაცურის მიღება პოზიტიურად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე.
სატაცური ასევე ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას, ის სასარგებლოა ძვლოვანი ქსოვილებისთვის, რკინა და მაგნიუმი სისხლწარმოქმნას უწყობს ხელს. დაბალი კალორიულობის გამო ის დიეტური პროდუქტია და წონაში დაკლების მსურველთა რაციონში შედის.

სატაცური ძალზე სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის. მას იღებენ საკვებისა და ნაყენის სახით. ეს უკანასკნელი ასე მზადდება: სატაცურის ფესურას, ქორფა ყლორტებს აქუცმაცებენ და ერთმანეთში ურევენ. 1 სუფრის კოვზს ასხამენ 200 მილილიტრ მდუღარე წყალს და აჩერებენ თერმოსში 1-2 საათით. შემდეგ იღებენ ყოველ 2-3 საათში ერთხელ 1 სუფრის კოვზის ოდენობით. ამ ნაყენს კანზე გამონაყარის დროს გარეგანადაც იყენებენ კომპრესის სახით.
როგორ ვებრძოლოთ დიაბეტს მცენარეული საშუალებებით>>
სატაცურის დამზადების დროს საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ არ ღირს მისი დიდხანს ცეცხლზე გაჩერება. მას სულ რამდენიმე წუთი ჰყოფნის მოსამზადებლად. შესაძლებელია მისი მოხარშვა, შეწვა, გამოცხობა, დამწნილება, ორთქლზე მომზადება. მას ხშირად უმატებენ სალათებსა და სუპებში, იყენებენ როგორც გარნირს.
მრავალძარღვას სასარგებლო თვისებები
სატაცურის მიღებას ერთი უხერხული მომენტი ახლავს – შარდს, თირკმლების გაძლიერებული მუშაობის გამო, ძალზე უსიამოვნო სუნი აქვს. ის საერთოდ სხეულსაც საკმაოდ სპეციფიკურ სუნს ანიჭებს. ამის გამო ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში მონადირეები მას სპეციალურად ჭამდნენ, რათა ნადირობისას თავიანთი სუნი შეენიღბათ.
სატაცურის უკუჩვენებები
ზოგიერთ შემთხვევაში სატაცურმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. მისი გამოყენება არარეკომენდებულია ცისტიტის, პროსტატიტის, კუჭის წყლულის დროს.