თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ნატოს ქვეყნების ხომალდებმა ესტონეთში სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა შეიტანეს ალიანსის საბრძოლო ჯგუფის მარაგების შესავსებად, იტყობინება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების გემები ექვსი ქვეყნის გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) გემებს, თვითმფრინავებსა და პერსონალს შეუერთდნენ ნატოს მხარდასაჭერად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ბალტიის ზღვაში.
„გემები Northumberland და Richmond შეუერთდნენ დანიურ ფრეგატ Niels Juel-სა და შვედეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის სამხედრო გემებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში საზღვაო პატრულირებისთვის“, — ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
როგორც გენერალ-მაიორმა ჯიმ მორისმა განაცხადა, ბალტიის ზღვაში ამგვარი საქმიანობა ბრიტანეთისა და მისი პარტნიორებისთვის JEF-დან „ჩვეულებრივი საქმეა“.
„რუსეთის მხრიდან აგრესიის ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, ბალტიის ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის შენარჩუნება ესოდენ მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა“, — განაცხადა გენერალმა.
JEF — ეს არის დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით დაკომპლექტებული 10 ქვეყნის ძალები, რომლებიც ერთად მუშაობენ მაღალი მზადყოფნის ძალების გადასროლაზე. კოალიცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებას ბალტიის ზღვაში, შორეულ ჩრდილოეთსა და ჩრდილო ატლანტიკის რეგიონში, სადაც მისი წევრი ქვეყნებია განლაგებული. აუცილებლობის შემთხვევაში კოალიცია უმოკლეს დროში შეიძლება იყოს ინტეგრირებული ნატოსთან ან უსაფრთხოების ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სტრუქტურასთან.