მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია ხვალ, 29 მარტს იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგისტრაცია 29 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 14 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge.
2022 წელს მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ჩააბარონ:
საგნის გამოცდა;
სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა;
პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.
რაც შეეხება საგნის გამოცდას, მასში მონაწილეობის მიღება არ არის შეზღუდული. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I–IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია; უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული; ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები.

„ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე რეგისტრაციის დროს დამატებით ვერ აირჩევს საგნის გამოცდას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამას გარდა, თუ აპლიკანტი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.
უწყების ცნობით, წელს პირველად არაქართულენოვან მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, ჩააბარონ მშობლიური ენის გამოცდა.
საგნის, სპეციალური უფროსი მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია კი უფასოა.
საქართველოში სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ის ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი სავალდებულო გახდა. როდესაც გაირკვა, რომ პედაგოგების 60%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, განათლების სამინისტრომ წესები შეცვალა: აღარ ათავისუფლებდნენ მასწავლებლებს, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, ასევე შეამცირეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.
გამოცდა პედაგოგებისთვის – მასწავლებლები პროფესიული სტატუსის ამაღლებას შეძლებენ>>
განათლების სამინისტრომ 2018 წელს კვლავ გადაწყვიტა წესების გამკაცრება. პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდების ჩაბარების ვადა 2021 წლის ბოლომდე მიეცათ. ვინც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, ამ მასწავლებლებთან 2022 წლის 1 იანვრიდან დროებითი კონტრაქტები დაიდება და დაიწყება მათი ეტაპობრივი შეცვლა, ანუ მათ გაათავისუფლებენ ახალი კადრების გამოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს სკოლებში 62 ათასზე მეტი მასწავლებელი მუშაობს. აქედან 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგია.