კანონი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“: იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა

სკანდალი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებს უკავშირდება, სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.
ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის იმ ნორმებში ხორციელდება, რომელიც სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავას ეხება. კანონპროექტის ავტორები არიან „ქართული ოცნების" დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.
კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობასთან არ შეათანხმა საზღვარგარეთ ვიზიტები და ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილებები. უფლებადამცველებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინიციატივა მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად შეაფასეს.
პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს და მას პირველი მოსმენით ხვალ, 29 მარტის პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.
„ეს სადამსჯელო ოპერაცია არ არის“ - პაპუაშვილი საკანონმდებლო ინიციატივაზე
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები.
პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოუცია მსგავსი სამართლებრივი აქტი, განმარტეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. შესაბამისად, პრეზიდენტი ვერ მიიღებდა მონაწილეობას დავაში მოპასუხის სახით თავისივე თანხმობის გარეშე.
ინიცირებული შესწორებების თანახმად კი, სახელმწიფო ორგანოს შეუძლია დაიწყოს დავა კომპეტენციის შესახებ არა მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე, არამედ მოქმედება/უმოქმედობის საფუძველზე, თუ მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ დაარღვია კონსტიტუციური უფლებამოსილება.