თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ არ მიმართოს სასამართლოს სარჩელებით, რომლებიც მმართველი პარტიის მისამართით ტყუილი ბრალდებების გავრცელებას უკავშირდება, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციაზეა საუბარი, მაგრამ ამ ფაქტს „წარმოუდგენელია, უპრეცენდენტო მოვლენა“ უწოდა და აღნიშნული წერილი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას დაუკავშირა.
„მე ვპირდები ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც გადაწყვეტს, რომ „ნაცმოძრაობას“ ამგვარად დაუჭიროს მხარი, ეს ქმედებები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, მმართველი პარტია ყველა ცრუ ბრალდებაზე საპასუხოდ ვერ მოიცლის, „მაგრამ სარჩელები კვლავ კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ“.
„ნურავის ექნება ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი ასე უბრალოდ გატარდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ორშაბათს ტელეარხ „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც ბოლო სამი თვის განმავლობაში სამი ოპოზიციური ტელეარხის („მთავარი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი“) წინააღმდეგ სასამართლოში 28 სარჩელი შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ მთავრობის და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამგვარი აქტიურობა ქვეყანაში ცენზურის გაძლიერების სურვილს უკავშირდება.