თბილისი, 27 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა ასაკი 30-დან 59 წლამდე მერყეობს.
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა TT-ს ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ერთი მჭიდი და რვა ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ოთხი საბრძოლო ვაზნაა ამოღებული ნივთმტკიცების სახით კასპში დაკავებული ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან.
მცხეთა-მთიანეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი გადაჭრილი თოფი – ე.წ. აბრეზი და 9 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი ამოიღო ნივთმტკიცებად.
ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და ტროტილის სამი ცალი კოჭა ამოიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში (ზუგდიდი, აბაშა) დაკავებული პირების ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
დაკავებულთაგან სამი პირი წარსულში ნასამართლევია.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური