COVID-19 - ბოლო ცნობები

ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 624 ათასი მოსწავლე ირიცხება.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება.
სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდ-რეგულაციები ჯერჯერობით ძალაში რჩება, მათ შორის თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების წესიც.
ამასთან, სკოლებში კვლავ მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან სკოლების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში COVID-19-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის სულ 624 ათასია.
ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 იანვარს საკლასო ოთახებში გაგრძელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით.