თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ჩინეთში 21 მარტს ჩამოვარდნილი China Eastern Airlines-ის სამგზავრო Boeing 737-ის 123 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაღუპულად გამოცხადდა, იუწყება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.
„ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის რეის MU5735-ის 123 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა", - ნათქვამია ტელეარხის ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტებმა დნმ-ით უკვე შეძლეს ჩამოგდებული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 120 ადამიანის იდენტიფიცირება.
მაშველები სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე
მაშველები ავიაკომპანია China Eastern-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე
© AFP 2024 / STR
China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც ასრულებდა რეისს კუნმინიდან გუანჯოუში, ჩამოვარდა ჩინეთის სამხრეთ რეგიონში.
გამოყენებაში 2015 წლიდან მყოფი ლაინერის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 23 მარტს ავარიის ადგილზე ერთი „შავი ყუთი“ იპოვეს, რომელიც პეკინში გაიგზავნა.