თბილისი, 25 მარტი — Sputnik. უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ.
მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ დროს დაიღუპა 1351 და დაიჭრა 3825 რუსი ჯარისკაცი.
„მთლიანობაში ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. მნიშვნელოვნადაა შესუსტებული უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი, რაც იძლევა საშუალებას, რომ ძირითადი ძალისხმევა მთავარი მიზნის მიღწევაზე — დონბასის გათავისუფლებაზე კონცენტრირდეს“, — აღნიშნა რუდსკოიმ.
რუსი გენერალ-პოლკოვნიკის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეტევები სხვადასხვა მიმართულებით მიჰქონდათ, რის შედეგადაც „ბლოკირებულია“ ქალაქები კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და ნიკოლაევი, ხოლო „ხერსონის ოლქი და ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ნაწილი სრული კონტროლის ქვეშაა“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.