ისტორიულ გალავანთან მდებარე სასტუმროზე უკანონო სართულის დემონტაჟი დაიწყო

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებს უკანონო მშენებლობებზე ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება ექნებათ.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროში უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაიწყო.
ინფორმაცია ამის შესახებ პირადად დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გაავრცელა.
თბილისის მერი დემოტაჟის პროცესს თავად დაესწრო. მისი ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით არ განხორციელდა.

„პატარა სასტუმროს მშენებლობის პროექტი ჰქონდათ წარმოდგენილი და გაიცა ნებართვა პროექტზე, რომელიც არსებულ განაშენიანებასა და ურბანულ ქსოვილში თავისუფლად ჯდებოდა. მშენებლობის დროს აღმოვაჩინეთ, რომ არასწორად მიმდინარეობდა მშენებლობა, უკანონოდ დამატებული იყო ერთი სართული. მე საზოგადოებას მივეცი პირობა, რომ მშენებლობა დასრულებოდა იმ ფორმით, რაც იყო შეთანხმებული“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, დემონტაჟი მფლობელებთან შეთანხმებით მოხდა.
„მიხარია, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას და ზედმეტი ერთი სართულის დემონტაჟი მოხდა. ჩვენ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობა თაღლითურად განხორციელდეს. ყოველთვის ვიდგებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი სამსახურების მხრიდან იქნება რეაგირება“, – აღნიშნა მერმა.
აღნიშნული მშენებლობის ნებართვა დედაქალაქის მერიის მიერ 2009 წელს გაიცა, ხოლო კომპანიამ მშენებლობა 2019 წელს განაახლა. უწყების ინფორმაციით, პროექტი აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო განაშენიანების სისტემიდან. შესაბამისად, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომპანიასთან, რომელიც თანახმა იყო, დაეთმო სართული და იმ ისტორიული იერსახის კონტექსტში მოეყვანა, რომელიც თბილისის განაშენიანებისთვისაა დამახასიათებელი.