თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებით განხილვას იწყებს, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო. სარჩელი ეხება სააკაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენებს ორ სისხლის სამართლის საქმეზე.
„საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია. საბოლოო კომენტარების გაკეთებას მხოლოდ ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ შევძლებთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრს გაუჭირდა პასუხი კითხვაზე საქმის განხილვის სავარაუდო ვადების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ვადების მკაცრი განრიგი არ არსებობს და გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს
ბრეგაძის თქმით, საუბარია ორ – ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე.
შეწყალების საქმეზე სააკაშვილს საქართველოში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო გელაშვილის ცემის საქმეზე – ექვსი.
უფრო ადრე სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ორივე ბრალდება ირიბ მტკიცებულებებზეა აგებული და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის ორი მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება და შეზღუდული უფლებების გამოყენების საზღვრები.