თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ე.წ. რიყის დოქები მეშვიდე მცდელობაზე აუქციონის წესით გაიყიდა. ინფორმაცია ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ. საქართველოს მთავრობა „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავს.
უძრავი ქონება 10.020.000 ლარად გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, ობიექტის მფლობელი კომპანია Global Victory Trust გახდა.
ინვესტორი ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ღვინის, ციფრული ხელოვნების, ტექნოლოგიების მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები შექმნას. ინვესტორს ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება 10 წლის განმავლობაში მოუწევს.
ამასთან, საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობამ ე.წ. რიყის დოქების გაყიდვა აქამდე ექვსჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. პირველად აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. მაშინ მილის ფორმის ორი გიგანტური ნაგებობა 95 მილიონ ლარად იყო შეფასებული. ბოლო აუქციონი მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაიმართა. მაშინ ობიექტი 10 მილიონ ლარად იყო შეფასებული.
ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.
თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.