თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის რეზოლუცია უკრაინასთან დაკაშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას მოიაზრებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი მხოლოდ თავად რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს. დანარჩენმა წევრებმა უბრალოდ თავი შეიკავეს. შედეგად, დოკუმენტმა, რომლის თანაავტორებიც იყვნენ ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა და სირია (არცერთი მათგანი არ არის უშიშროების საბჭოს წევრი), ვერ მიიღო 15-დან აუცილებელი 9 ხმა.
ამასთან აღინიშნება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა — შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რეზოლუციას ვეტო არ დაადეს.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ დასავლეთის ქვეყნები პროცესის პოლიტიზაციაში დაადანაშაულა და სინანული გამოთქვა, რომ უშიშროების საბჭომ არ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრას შეუწყობდა ხელს.
როგორც განიმარტა, ჰუმანიტარული რეზოლუციის მიღებაზე უშიშროების საბჭომ უარი იმის გამო თქვა, რომ ის არ გმობდა რუსეთს, როგორც ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევ ქვეყანას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.