თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით 67%-ით არის შემცირებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის რიგით მეშვიდე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ხელმძღვანელი კეროლაინ ვესტერი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი და სხვა პირები.
აღნიშნული ჯგუფი რეგულარულად განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობას, აფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ.
საქართველოში დღეისათვის C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარებული აქვს 2,3 მილიონ ადამიანს, ხოლო მკურნალობის სერვისით ისარგებლა 76 ათასზე მეტმა პირმა.
„ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში მკურნალობას 77 ათასზე მეტი ადამიანი იტარებს, განკურნების მაჩვენებელიც ძალიან მაღალია და 97%-ს აღწევს... საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებლის შემცირება მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში პროგრამა ეფექტურად ხორციელდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. პროგრამა ორი ეტაპისგან შედგება და პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტებს მოიცავს. პირველი ეტაპი კრიტიკული მდგომარეობის მქონე 5000 პაციენტის მკურნალობას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპზე კი C ჰეპატიტის მქონე ნაკლები სიმძიმის პაციენტები ჩაერთვნენ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამაში ჩართულ პირებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდით“ მკურნალობდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის" (Gilead Sciences) ხელშეწყობით ხორციელდება.