თბილისი, 23 მარტი – Sputnik. კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ Paxlovid-ს ძირითადად მიიღებენ ის პაციენტები, რომელთაც მდგომარეობის დამძიმების რისკი აქვთ, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველომ Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი Paxlovid-ი გუშინ მიიღო. Paxlovid-ი, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) უკვე დაამტკიცა, პირველი პრეპარატია, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ აბების სახით გამოიყენება.
„Paxlovid-ი ტაბლეტირებული მედიკამენტია, რომელიც ინფიცირების პირველივე დღეებში, დიაგნოზის დასმისთანავე უნდა დაენიშნოს პაციენტს. იგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89%-ით ეფექტურია. პაციენტმა სამი ტაბლეტი დღეში ორჯერ უნდა მიიღოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტია განკუთვნილი.
კერძოდ, პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც დამძიმების პროგნოზულად მაღალი რისკი აქვს. მაგალითად, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმული ადამიანები და ა.შ. ამ შემთხვევაში პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის ადამიანების გარკვეულ კატეგორიას უფასოდ გადაეცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლადშექმნილი პრეპარატი ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგაც.