მსოფლიო დღეს

გერმანიის გიგაქარხნიდან პირველი Tesla გამოვიდა: კმაყოფილმა მასკმა იცეკვა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. გერმანიაში Tesla-ს გიგაქარხნის კონვეიერიდან პირველი მანქანა ჩამოვიდა, იუწყება ამერიკული მედია.
ევროპაში ავტომობილების გამოშვება ილონ მასკის კომპანიამ ორი წლის წინ გადაწყვიტა და საამისოდ გერმანია შეარჩია, რაც მიმდინარე წელს წარმატებით განხორციელდა.
აღინიშნება, რომ პირველი მანქანის „მიღება-ჩაბარების“ ცერემონიაში ილონ მასკიც მონაწილეობდა და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც. კმაყოფილმა მასკმა კამერების წინ იცეკვა კიდეც.
გავრცელებული ინფორმაციით, მასკი გერმანიის ქარხნიდან პირველი ავტომობილების გამოშვებას რვა თვის წინ გეგმავდა, მაგრამ ეს პროცესი გარკვეული მიზეზებით შეყოვნდა.
პირველი ხელშემშლელი მიზეზი სალიცენზიო შეთანხმება გამოდგა, ხოლო მეორე — ადგილობრივი მოსახლეობის შიში, რომ საწარმო გარემოზე უარყოფით გავლენას მოახდენდა.
Tesla-ს განცხადებით, გიგაქარხანაში ამ დროისათვის დაახლოებით 3,5 ათასი კაცი მუშაობს, თუმცა მათი რაოდენობა მომავალში 12 ათასამდე გაიზრდება.
სამომავლოდ ქარხანა ყოველწლიურად 500 ათასი ავტომობილის წარმოებას შეძლებს, თუმცა ამას დრო დასჭირდება.
დღეისათვის გერმანული გიგაქარხანა უშვებს Model Y-ს, რომლის ღირებულებაც 70,5 ათასი დოლარია. ამ ავტომობილის აკუმულატორები ჩინეთიდან შეაქვთ, თუმცა Tesla მომავალში მათ დამზადებას გერმანიაშივე აპირებს.