საქართველოში ქარის ელექტროსადგურების წარმოებას დაიწყებენ

საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიულ წარმოებას ეკონომიკის სამინისტროს, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის მოეწერა.

ამ დოკუმენტით მხარეებმა ვალდებულება აიღეს, კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დანერგვას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქარის ელექტროსადგურების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებას და ელექტროენერგიის წარმოებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, ასევე როგორც ასეთი ტიპის დანადგარების, ისე მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები მოიძიებენ პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების შემადგენელი კომპონენტების წარმოების დაფინანსებით და განვითარებით ან/და მათი შესყიდვით.
საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება>>
ახალი საწარმო, რომელიც დაამზადებს მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით ქარის გენერატორებს და მის მაკომპლექტებელ ნაწილებს, „დელტას“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, დაინტერესებულ ბიზნეს-წრეებთან საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღებისა და მოსახლეობისთვის მიწოდების სწრაფი განვითარებისთვის.