თბილისი, 23 მარტი – Sputnik. 2021 წელს საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 10,4% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 10,6% იყო.
დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2021 წელს მშპ-ის მოცულობამ 18,7 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 10,7% შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გასულ წელს 5.013,3 დოლარს შეადგენდა (2020 წელს – 4.255,7 დოლარს).
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
ყველაზე მეტი ზრდა 2021 წელს აჩვენა დასვენებისა და გართობის, განთავსებისა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, კომუნალური მომსახურების სფეროებმა.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2021 წელს ყველაზე მაღალი ზრდით
ეკონომიკის სფერო, ზრდა %
ელექტრო- და გაზმომარაგება – 33,5%
განთავსებისა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა – 29,8%
დასვენება და გართობა – 43,1%
ჯანდაცვა – 40,8%
წყლმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებასთან ბრძოლა – 38,9%
ვარდნა დაფიქსირდა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში (-1,4%), განათლებაში (-2,3%) და მშენებლობაში (-21,8%).
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უჭირავს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და მშენებლობას.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2021 წელს მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წონით
ეკონომიკის სფერო, ხვედრითი წონა მშპ-ში %
ვაჭრობა – 16,6%
გადამამუშავებელი მრეწველობა – 11,7%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები – 10,2%
მშენებლობა – 8,0%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 7,0%