პარლამენტის ექს-სპიკერი: „ქართულ ოცნებას" სურს მოათვინიეროს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა მმართველი პარტიისთვის მიუღებელი ინიციატივები გამოთქვა, მიაჩნია დეპუტატს.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ალტერნატიულ გზებს და საშუალებებს ეძებს, რათა „გაანეიტრალოს და მოათვინიეროს“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნული განცხადება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარისას გააკეთა.
კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, რადგანაც, მიუხედავად მთავრობის უარისა, მაინც განახორციელა ევროპის რიგ ქვეყნებში ვიზიტები და პირველ პირებთან არაფორმალური და პირადი შეხვედრები გამართა.

„უმრავლესობა იმით დაკავდა, რომ მოიფიქრონ ალტერნატიული გზები და საშუალებები პრეზიდენტის გასანეიტრალებლად და მოსათვინიერებლად. ეს კი ხდება იმის გამო, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში მათთვის არასასიამოვნო მოსაზრებები გააჟღერა და გამოთქვა ინიციატივები, რომ ის სახელმწიფო კონსოლიდაციის საკითხებში აქტიურად ჩაერთვება“, – განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში შეტანილი კანონის პროექტით ცდილობს, ის შეუმდგარი მცდელობები, რაც გასულ კვირაში დაანონსეს, შემოვლითი გზით განახორციელოს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ოცნება“ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა
მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ნორმატიული აქტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პრეზიდენტს არ გამოუცია მსგავსი სამართლებრივი აქტი, განმარტეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. შესაბამისად, პრეზიდენტს არ შეეძლო მოპასუხის სახით საკუთარი თანხმობის გარეშე დავაში მონაწილეობა მიეღო.
ინიცირებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის შესახებ დავა შეუძლია დაიწყოს არა მარტო სხვა ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე, არამედ მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზე, თუ ჩათვლის, რომ ამ ორგანომ დაარღვია საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილებები.