თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს, განაცხადა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
„კანონპროექტი მომზადებულია. ის გასულ წელსაც მომზადებული იყო, თუმცა გარკვეული დრო იყო საჭირო იმისთვის, რათა დამატებითი კონსულტაციები გაგვევლო როგორც მთავრობის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა არველაძემ.
ამავე დროს არველაძემ განაცხადა, რომ უწყება ამზადებს კიდევ ერთ კანონპროექტს „ფოსტის შესახებ“, რომლის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, რომ ერთ თვეში ფოსტის კანონსაც მთავრობაზე განვიხილავთ, შემდეგ კი პარლამენტში განსახილველად გადმოვაგზავნით”, - განაცხადა არველაძემ პარლამენტში.
ელექტრონული კომერციისა და ფოსტის შესახებ კანონების აუცილებლობის საკითხი დადგა პანდემიის დროს, როდესაც ქვეყნის ლოკდაუნმა ამ სფეროში რეფორმების აუცილებლობა აჩვენა.