თბილისი, 22 მარტი – Sputnik. კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ დაგეგმილი შესწორებები სადამსჯელო ოპერაცია არაა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
დეპუტატებმა უმრავლესობიდან 15 მარტს დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს შესწორებებს ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როცა უცხოეთში ვიზიტები ჩაატარა მთავრობის ნებართვის გარეშე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საკანონმდებლო ინიციატივას პრეზიდენტზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა უწოდეს.
„არავინ დავობს, რომ ხარვეზია არსებულ კანონმდებლობაში... და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ხარვეზი და ხარვეზს სჭირდებოდა გამოსწორება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ზოგიერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას რომ ცდილობს, თითქოს არის სადამსჯელო ღონისძიება, ეს საერთოდ წარმოუდგენელია“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო და, ზოგადად, სასამართლო ინსტრუმენტი არის ყველაზე სამართლებრივი, ცივილიზებული და დემოკრატიული მეთოდი საკითხების გასარკვევად. ამ შემთხვევაში კი საკითხი ეხება იმას, თუ ვის კომპეტენციაშია გადაწყვეტილების მიღება ელჩების დანიშვნის შესახებ.
„მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ამასთან დაკავშირებით იყო შეუთანხმებლობა, რაც გარკვეული პერიოდია გრძელდება და ვერ მოხდა შეთანხმება კომპეტენციასთან დაკავშირებით, ვის რა უფლებამოსილება აქვს. ყველაზე ცივილიზებული, სწორი, ევროპული გზა არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ეს უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ადრე არასდროს ყოფილა დავა კომპეტენციის შესახებ, ამიტომ ეს ხარვეზი თვალშისაცემი არ ყოფილა.
„ახლა დადგა საკითხი, ვინაიდან ყველა თანხმდება, რომ არ შეიძლება ერთი ორგანო მეორის კომპეტენციაში შეიჭრას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, მას არ შეეძლო დავაში მონაწილეობა მოპასუხის სახით თავისი თანხმობის გარეშე, განმარტეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ინიცირებული შესწორებების თანახმად, სახელმწიფო ორგანოს შეუძლია დაიწყოს დავა კომპეტენციის შესახებ არა მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე, არამედ მოქმედება/უმოქმედობის საფუძველზე, თუ მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ დაარღვია კონსტიტუციური უფლებამოსილება.