თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სია გაფართოვდა

ფასები განახევრდა და უმეტეს შემთხვევაში შემცირდა ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა და ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობას 45-მდე დასახელების თურქული წარმოების მედიკამენტის შეძენა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
45-მდე დასახელების იაფი მედიკამენტის შეძენა სამ დიდ სააფთიაქო ქსელშია („ფარმადეპო“, „ავერსი“ და PSP) შესაძლებელი.

„გარდა ამისა, ხვალიდან მედიკამენტ „ქსარელტოს“ შეძენა შესაძლებელი იქნება GPC-ს მთელ ქსელში. იგივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელშიც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად პრეპარატების ფასი საშუალოდ 60-80%-ით შემცირდა.
ფასები განახევრდა და უმეტეს შემთხვევაში შემცირდა ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით ერთ თვეში ხელმისაწვდომი მედიკამენტების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე. თურქეთიდან საქართველოში 32 დასახელების მედიკამენტი უკვე შემოვიდა, შედეგად მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე შემცირდა.
თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის შედეგად წამლებზე ფასები შემცირდა: ჩამონათვალი >>
ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა მოქალაქეებისთვის დიდი შვება იქნება. მისი თქმით, მედიკამენტებზე მაღალი ფასები აბსოლუტურად მიუღებელია, სწორედ ამიტომაც მთავრობას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა.
თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.
წყარო - ჯანდაცვის სამინისტრო