თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაა, ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებაში.
დეპუტატებმა უმრავლესობიდან 15 მარტს დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს შესწორებებს ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს შეუძლია დაიწყოს დავა კომპეტენციის შესახებ არა მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე, არამედ მოქმედება/უმოქმედობის საფუძველზე, თუ მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ დაარღვია კონსტიტუციური უფლებამოსილება.
„ქართული ოცნების“ მიერ ამ კანონპროექტის ინიცირება ცალსახად მიუთითებს მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაზე და მმართველი პარტიის ხელში არსებული ბერკეტით – კანონში ცვლილების შეტანის მეშვეობით საკუთარი პარტიული მიზნების მიღწევაზე“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე.
„თუმცა, ამ ინიციატივის შესახებ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა და ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე იგეგმებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ დავის წამოწყება“, – აღნიშნავენ საიაში.
მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, მას არ შეეძლო დავაში მონაწილეობა მოპასუხის სახით თავისი თანხმობის გარეშე, განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
„შემოთავაზებული კანონპროექტი ამ მოცემულობას ცვლის, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგნად დამატებით აქცევს ქვეყნის პირველი პირის მოქმედებას თუ უმოქმედობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საიაში აღნიშნავენ, იმპიჩმენტის პროცედურის გარდა, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ქვეყნის პირველი პირის მიმართ დავის აღძვრის მექანიზმი უშუალოდ რომელიმე საკონსტიტუციო ორგანოს მხრიდან არ არსებობს.
ამგვარად, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ცვლილება შეიტანოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელ კანონში, რაც საშუალებას მისცემს პარტიას, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია სასარჩელო წარმოების ფარგლებში პირდაპირ დაუკავშიროს არა მხოლოდ კომპეტენციის დამდგენ ნორმატიულ ჩარჩოს, არამედ უშუალოდ კონკრეტულ ქმედებებს.
საია პარლამენტს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი ინიცირებული კანონპროექტის მიღებას და არ დაუშვას კანონმდებლობის კორექტივები პარტიულ ინტერესებზე მორგების მიზნით.
„ორგანიზაცია აგრეთვე მიმართავს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მექანიზმის თვითნებური, ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გამოყენება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებას ემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში დასდო ბრალი. ამის მიზეზი გახდა პრეზიდენტის არაოფიციალური ვიზიტები ევროპულ ქვეყნებში და იქ პირველ პირებთან შეხვედრები. სალომე ზურაბიშვილმა ამ ქვეყნებში ვიზიტები მთავრობის უარის შემდეგ განახორციელა.