თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამი - მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის პერიოდს ემთხვევა. პრემიერი დღეს მარნეულში იმყოფებოდა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.
„მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს გულითადად მივულოცო დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
„ჩვენთვის მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ ჩვენი მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს და თითოეულ მუსლიმს მათ მიერ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისათვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ. ამ დღესასწაულზე, ტრადიციულად, ნოვრუზ ბაირამისთვის კოცონს ანთებენ, რათა ადამიანებმა განწმენდის რიტუალი შეასრულონ.