COVID-19 - ბოლო ცნობები

არის თუ არა ქვეყანაში „დელტაკრონით“ ინფიცირების შემთხვევები: ამირან გამყრელიძის განმარტება

აცრილია მხოლოდ ზრდასრული მოსახლეობის 43,6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს, განაცხადა ეპიდემიოლოგმა
Sputnik
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - „დელტაკრონის“ ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მარტში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა. ყოველდღიურად ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევების სულ უფრო ნაკლები რაოდენობა, დღე-ღამეში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-15-მდე შემცირდა.
„ჩვენი ცენტრი აკეთებს შტამების მონიტორინგს, გვაქვს რამდენიმე ბაზა, საიდანაც ვაკვირდებით და ვაკეთებთ სეკვენირებას. ჯერჯერობით ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, თუმცა ყველა ქვეყანაში არის ალბათობა, რომ ახალი შტამი გაჩნდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია. ასე მაგალითად, თუ იანვარში ერთ დღეში 7 ათასამდე ადამიანი იცრებოდა, თებერვალში ეს მაჩვენებელი 3 ათასამდე შემცირდა, მარტში - ათასამდე.
„აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43,6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში იგივე „ომიკრონის“ მეორე ტალღა აღინიშნება: ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგის თქმით, ბუსტერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ნამდვილად იცავს ინფიცირების, გამწვავებისა და გარდაცვალებისგან.
იანვარ-თებერვალში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი გადაიტანა. ახალი შტამი - „ომიკრონი“ იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ 31 იანვარს ინფიცირების 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
„ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 26 დეკემბერს დაფიქსირდა.