თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ.
18-20 მარტს შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალ მთაში – ძლიერი თოვა და ნისლი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისათვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. ხოლო მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
თოვის და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო