შიმკენტი-ქუთაისი-შიმკენტის მიმართულებით ფრენები განახლდება

შიმკენტი–ქუთაისის მიმართულებით ფრენები გასული წლის ნოემბერში შეჩერდა.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan 19 მარტიდან ქალაქ შიმკენტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას განაახლებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შიმკენტი–ქუთაისის მიმართულებით ფრენები გასული წლის ნოემბერში შეჩერდა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლოდან მისი აღდგენა მიანიშნებს, რომ ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას აძლიერებს.
შიმკენტი უკვე მეოთხე მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა ხვალიდან კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და შაბათს კვლავ იქნება შესაძლებელი.
FlyArystan დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და დედაქალაქ ნურ-სულთანიდან. ჯამურად ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ ეტაპზე ფრენები კვირაში 12 სიხშირით სრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესაძლოა, სიხშირეების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2019 წელთან შედარებით 75%-ით აღდგა>>
ავიაკომპანია FlyArystan-მა 2021 წელს დაიწყო ოპერირება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში და დღემდე წარმატებით ოპერირებს. გასული წლის განმავლობაში ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით ავიაკომპანიამ 67.551 მგზავრი გადაიყვანა და 297 რეისი შეასრულა.
FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა, ის AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.