თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ამ დროისათვის მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, ხოლო მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 18–20 მარტის პერიოდში საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.