მეფუტკრე ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნეს

საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა მეფუტკრე ფერმერებს მიმდინარე წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტები სპეციალურ სადგურებს დაამონტაჟებენ, სადაც წერტილოვანი წამლობები ჩატარდება.
მავნებლის საწინააღმდეგო აქტიური წამლობების პერიოდში იმ ადგილებში, სადაც ფუტკრის სკებია განთავსებული, წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდება.

„ფუტკრის დასაცავად უმნიშვნელოვანესია მავნებელთან ბრძოლის პროცესში მეფუტკრე ფერმერების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, წინა წლების მსგავსად, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მათთან თანამშრომლობით, კოორდინირებულად დაიგეგმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.parosana.ge და SMS-შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.
აჭარაში აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო