აზიის ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციას აბანდებს

ბანკის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 3,8 მილიარდ ლარს აღემატება.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან შეხვედრაზე წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს და ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ პარტნიორს წარმოადგენს.

„ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მის გუნდთან შეხვედრისას განვიხილეთ პროექტების რეალიზაციის საკითხი. მოხარული ვართ, რომ კარგი პროგრესი გვაქვს და მიუხედავად 2020-21 წლებში არსებული კოვიდ-სიტუაციისა, ვახერხებთ დასახული მიზნების მიღწევას. ჩვენი პროექტების უმეტესობა მიმდინარეობს გეგმაზომიერად და რამდენიმე მათგანს მოვინახულებთ კიდეც“, – განაცხადა ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

მისი თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან ეს ის სამინისტროა, რომელიც პასუხიმგებელია საქართველოში ADB-ს მიერ დაფინანსებული პროექტების 95%-ის აღსრულებაზე. ADB-ს მიერ დაფინანსებული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 3,8 მლრდ ლარზე მეტია.
აზიის ბანკმა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხა გამოუყო>>>
შეხვედრაზე მხარეებმა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, რომლებიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დაფინანსებით და მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და მუნიციპალური განვითარების სფეროში, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"რიკოთის მონაკვეთი, ქვეშეთი–კობის პროექტი, წყალმომარაგების პროექტები, ურბანული განახლება, მათ შორის ბაღების, სპორტკომპლექსების მშენებლობა. დაახლოებით 4 მილიარდ ლარს შეადგენს ის პორტფელი, რომლითაც აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი რიკოთის უღელტეხილის ხევი–უბისას და შორაპანი–არგვეთას მონაკვეთების, ბათუმის შემოვლითი მაგისტრალური გზის, ქვეშეთი–კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის, წნორის შემოვლითი გზის, ფოთის ხიდის და მისასვლელი გზის მშენებლობა.
როგორ იცვლებოდა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 2011-2021 წლებში>>>
დიდია ბანკის მხარდაჭერა ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაში. მათ შორისაა თელავის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების კომპანიის ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა.
ADB-ს მხარდაჭერით შენდება ქუთაისის ოლიმპიური აუზი, ზუგდიდის, რუსთავისა და ახალციხის სპორტული კომპლექსები. მიმდინარეობს 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა ქუთაისში, ფოთში, სენაკში, სუფსაში, რუხში, ძველ ანაგაში, ვარდისუბანში, წინწყაროში და სხვა სოფლებსა თუ ქალაქებში. ახლახან კი კახეთში დაიწყო ველისციხის სრული ურბანული განახლების პროექტის განხორციელება.
წლების განმავლობაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა: ზუგდიდის, ურეკის, წყალმომარაგების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ქუთაისისა და ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ბათუმის ნაპირდაცვისა და მეტროს სადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა და სხვ.
ბანკის რეგიონულ დირექტორთან ევგენი ჟუკოვთან და საქართველოში ADB-ს მუდმივ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრმა სტუმრებს გააცნო მაკროეკონომიკური პარამეტრები და ესაუბრა COVID-19-ის კრიზისის შედეგებსა და გასულ და მიმდინარე წლებში ეკონომიკის აღდგენის ტენდენციებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების გავლენის საკითხები მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. აღინიშნა, რომ აუცილებელია ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზისა და მონიტორინგის გაგრძელება.
გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე რეფორმების ძირითად მიმართულებებზე და ბანკთან შეთანხმებული და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების, ენერგეტიკული ბაზრისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, რეგიონული დერეფნის განვითარებისა და ინტეგრაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებს და ამ საკითხებზე ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს წლებში აზიის განვითარების ბანკი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას როგორც სტრუქტურულ, ისე ეკონომიკურ რეფორმებში.
ADB-ს მიზანია წვლილი შეიტანოს აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის მრავალმხრივ და სტაბილურ, წარმატებულ განვითარებაში. ამავდროულად იგი აგრძელებს რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე მუშაობას. ბანკი 1966 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციაში გაერთიანებულია 68 ქვეყანა.
წყარო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო