სუმო: ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მესამედ მოიგო და დადებით ბალანსზე გავიდა

ქართველმა სუმოისტმა ჰარუ ბაშოს მეხუთე დღეს კოტოკუძანს სძლია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ჩიიოტაირიუ იქნება.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მესამე გამარჯვება მოიპოვა და დადებით ბალანსზე გავიდა.
იაპონიაში სუმოს 2022 წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეხუთე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-16 მაეგაშირა კოტოკუძანს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.
ორთაბრძოლა რამდენიმე წამი გაგრძელდა. 34 წლის ტოჩინოშინი უპირატესობას პირველივე შეჯახების შემდეგ დაეუფლა, საბოლოოდ 28 წლის იაპონელმა ქართველი სუმოისტის მიძალებებს ვეღარ გაუძლო და ფეხი დოჰიოს მიღმა გადადგა.
ამჟამად ქართველი სეკიტორის ანგარიშზე 3 გამარჯვება და 2 მარცხია. სუპერტურნირის მე-6 დღეს მისი მეტოქე დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუ იქნება, რომელთანაც ტოჩინოშინს ურთიერთშეხვედრებში კარგი ბალანსი აქვს (10:5).
აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7-8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონში) დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. ამისთვის ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.