თბილისი, 16 მარტი – Sputnik. იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და თანაბარ ბალანსზე გავიდა – ორ-ორი მოგება-წაგება.
იაპონიაში სუმოს 2022 წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეოთხე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა იჩიამამოტოს დაუპირისპირდა და 28 წლის იაპონელს კუბიჰინერის ილეთით სძლია.
იჩიამამოტომ 34 წლის ქართველი სუმოისტის ძლიერ შეჯახებას გაუძლო, თუმცა ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა მისი დოჰიოზე დაგდება მაინც მოახერხა და ჰარუ ბაშოზე მეორე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
ქართველი სეკიტორის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კოტოკუზანი იქნება, რომელსაც ასევე თანაბარი ბალანსი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7:8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონში) დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. შესაბამისად, ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.