ალბათ ყველა ჩვენგანი იცნობს ისეთ ბავშვებსა თუ მოზარდებს, რომელთა მოძრაობები ნაკლებად ზუსტი ან სულაც მოუხერხებელია. მაგალითად, ხშირად აზიანებენ ნივთებს, ხატვისას ისე აწვებიან ფანქარს, რომ ხელში ატყდებათ, არ უყვართ, როდესაც ეხებიან, ან, პირიქით, ზედმეტად უყვართ მოფერება. ამასთან ხშირად შეგვხვედრია ორი-სამი წლის ბავშვებიც, რომლებიც ყველაფერს ძირს ყრიან.
თუ ამას სენსორული მგრძნობელობების კუთხით შევხედავთ, ყველაფერი ნათელი გახდება:
თურმე, როდესაც ბავშვი ძირს აგდებს საგანს — ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებაა: ბავშვი აკვირდება ხმებს და იღებს სმენით ინფორმაციას.
ცოტა სამედიცინო ენაზე რომ „ვთარგმნოთ“: თავის ტვინი სენსორული (მგრძნობელობითი) და მოტორული (მამოძრავებელი) სისტემების რთულ უჯრედოვან კავშირებს აანალიზებს და და საპასუხო ნაბიჯებს გვკარნახობს. ეს არის ურთულესი მექანიზმები, რომლის შესახებაც კიდევ ბევრი რამ არ იცის მეცნიერებამ.
სენსორული მგრძნობელობა მოიცავს 7 სფეროს:
მხედველობა (ვიზუალური შეგრძნება),
სმენა (აუდიალური შეგრძნება),
ყნოსვა (ოლფაქტობრული შეგრძნება),
გემო (გუსტატორული შეგრძნება),
შეხება (ტაქტილური შეგრძნება),
მოძრაობის ბალანსი–გრავიტაცია (ვესტიბულური შეგრძნება),
სხეულის პოზა (პროპრიოცეპტული შეგრძნება).
ჩვენი რეცეპტორები მუდმივად იღებენ რაღაც ინფორმაციას და მყისიერად რეაგირებენ მასზე, მაგრამ დროთა განმავლობაში საპასუხო რეაქციის ინტენსივობა მცირდება და ადამიანს დამატებითი ძალისხმევა სჭირდება, რომ ხელახლა შეიგრძნოს ესა თუ ის ცვლილება.
არ გამოტოვოთ: როგორ მოვიქცეთ, თუ პატარას ღამე არ სძინავს?
მაგალითად: ჩვენ ვეგუებით ქუჩის ხმაურს და ვეღარ აღვიქვამთ მას მანამ, სანამ, ვთქვათ, სირენის ან მკვეთრად დამუხრუჭების ხმა არ გამოგვაფხიზლებს; ვეგუებით სასიამოვნო სუნამოს არომატს ჩვენ გარშემო, ვეღარ ვგრძნობთ მას მანამ, სანამ ღრმად არ ჩავისუნთქავთ და არ „გავიხსენებთ“.
შესაბამისად, სპეციალისტები ვთანხმდებით მნიშვნელოვანზე: ბავშვის სენსორული განვითარება უმნიშვნელოვანესია და მას მუდმივი ვარჯიში სჭირდება.
არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს რომელიმე ან რამდენიმე მათგანი განუვითარებელი აქვს, ან, პირიქით, იმდენად მძაფრად აქვს განვითარებული, რომ ზემგრძნობელობა უყალიბდება. მშობლისთვის ამის აღმოჩენა და სწორი სპეციალისტის პოვნა ადვილი არ არის. ამიტომ ქვემოთ გაგაცნობთ იმ მეთოდებს, რომლებიც ყველა ბავშვის სენსორული სტიმულაციისთვისაა სასარგებლოც, სასიამოვნოცა და საჭიროც.
გახსოვდეთ: ბავშვს უნდა შეუქმნათ მრავალფეროვანი მასტიმულირებელი გარემო, რათა მისი ფიზიკური აქტივობა წაახალისოთ — შესთავაზეთ მას სასარგებლო აქტივობები და თამაშები.
გრავიტაციული შეგრძნებების განვითარებისთვის შეიძლება გამოიყენოთ:
სხვადასხვა მოდიფიკაციის საქანელები, რომელზეც ბავშვი სხვადასხვა მდგომარეობაში ქანაობას შეძლებს;
ბუდე–საქანელები, სადაც შეიძლება შეიმალოს;
ჰამაკი (ნაჭრის, ბადის);
ბალანს–დაფები, გასაბერი ბალანს–ბურთები;
თოკის ბილიკები ან დაბალ სიმაღლეზე დაკიდული დაფა, რომელზეც ბავშვმა წონასწორობის დაცვით უნდა იაროს;
სხვადასხვა სახის სასრიალოები.
ასეთი თამაშების მოფიქრება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. მაგალითად, ჰამაკის მაგივრად გამოიყენეთ ზეწარი (უმჯობესია საბავშვო ნახატებით), რომელსაც ორი უფროსი დაიჭერს აქეთ-იქიდან და რიტმულად აქანავებს შიგ ჩაბრძანებულ პატარას. თან რაიმე ლექსს ან სიმღერას მიაყოლებთ და პერიოდულად შეაჯანჯღარებთ კიდეც.
ასეთი ქანაობის შემდეგ აუცილებელია ბავშვი იატაკზე ისე გადმოსვათ, რომ ჯერ ფეხები დადგას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვმა არაორდინალური გარემოს შემდეგ საკუთარი სხეული შეიგრძნოს!
ტაქტილური შეგრძნებების განვითარებისთვის შეიძლება გამოიყენოთ:
აუზი (უმჯობესია ნახატებიანი), რომელშიც ბავშვი ითამაშებს — წყალს გადაასხამ-გადმოასხამს, პატარა ნაჭრებს დაასველებს და გაწურავს, იჭყუმპალავებს — წყლის შხეფებზე ყურადღების გამახვილებით;
ტაქტილური პანო და ბილიკი, რომელიც შეიძლება ჩვენც შევკეროთ სხვადასხვა ნაჭრებისგან (ტყავი, ბეწვი, შალი, ხაოიანი ქსოვილი და სხვ.);
სხვადასხვა ფორმის სასრიალოები, მათ შორის მილები;
სენსორული ყუთები — კონტეინერები, რომელიც სავსე იქნება სხვადასხვა მასალით: ქვიშით, ბურღულეულით, ბალახით, პატარა კენჭებით, მძივებით, ღილებით, ჰიდროგელით, ნაჭრებითა და ა.შ.;
დიდი გირჩები და ხორკლიანი, სამასაჟე ბურთები;
საძერწები (თიხა, პლასტელინი, ცომი).
მხედველობითი შეგრძნებების განვითარებისთვის კარგია „ჯადოსნური“ საგნები:
თეთრი და ფერადი გირლიანდები (ქაღალდის, პლასტმასის);
ფერადი ელემენტები ერთგვაროვან გარემოში (მაგალითად, ნახატები სადად შეღებილ კედელზე);
სარკეები;
კალეიდოსკოპი ან ფერადი „მინები“ (მათი არამტვრევადი ანალოგები);
ჩრდილების თეატრი;
წიგნები, სადაც არის თემატური ნახატები და ბავშვმა უნდა იპოვოს სხვადასხვა ელემენტები, ცხოველები, საგნები და ა.შ.
ყნოსვის და გემოს შეგრძნებების განვითარებას მშობლები ერთ-ერთი ყველაზე საჭიროდ მიიჩნევენ და ეს ასეცაა.
„ჩემი შვილი ძალიან წუნიაა და ძალიან არჩევს საჭმელს. ასწავლეთ ჭამა“, — ასეთია მშობლების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი თხოვნა.
ამ შეგრძნებების დახვეწა ყოველთვის ინდივიდუალურ მიდგომას და ალერგენებზე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
ვარჯიში შეიძლება როგორც მაგიდასთან ჭამის დროს, ისე ცალკე. და ეს პროცესი უნდა იყოს განსაკუთრებულად სახალისო. უნდა გამოვიყენოთ ნატურალური პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, საკვები, ყვავილები, სურნელოვანი ბალახები.
გთავაზობთ, რამდენიმე თამაშს:
ქილები სიურპრიზებით. გაუმჭვირვალე ქილებში ცალ-ცალკე მოათავსეთ ფუნთუშის ნაჭერი, ლიმონის ნაჭერი, გაფცქვნილი ნივრის კბილი, დარიჩინის ჩხირი, უსუნო ღილები და სხვა მასალა. თავიდან აჩვენეთ ბავშვს, როგორ დასუნოს ქილებს და მასთან ერთად გაიმეორეთ, რა რა არის. ან აჩვენეთ ისინი ფოტოებზე. შემდეგ სთხოვთ „ექსპერტს“, ანუ ბავშვს, ცალ-ცალკე გადაალაგოს საკვები და არასაკვები ქილები. შემდეგ გაართულეთ თამაში — სთხოვეთ, თვალებახვეულმა დასუნოს ქილებს და გითხრათ, რომელ ქილაში რა დევს.
გაიგე გემო. თვალდახუჭულ ბავშვს მიეცით პატარა ლუკმა და სთხოვეთ გამოიცნოს, რა არის ეს: პური, ვაშლი, კიტრი, ლიმონი თუ სხვა რამ.
სმენითი შეგრძნების განვითარება უფრო ხშირად ხდება არა იზოლირებულად, არამედ სხვა შეგრძნებებთან ერთად.
ამისათვის ქილებში ცალ-ცალკე უნდა ჩაყაროთ ქვიშა, კენჭები და ასევე ჩაასხათ წყალი. ბავშვმა კი სმენით უნდა გამოიცნოს, რომელი რა არის.
შემდეგ ერთად დააკვირდით სხვადასხვა ხმებს: ქვიშაზე, ბალახზე, ასფალტზე სიარულის ხმას, წყლის შხეფების, ქარის, ცხოველებისა და ფრინველების ხმებს და ა.შ.
ყველაზე საინტერესო და ეფექტურია კომპლექსური მეთოდები, მაგალითად, მხატვრული სცენარების დადგმა, ზღაპრები.
დაბოლოს, თუ ყოველდღიური თამაშების რუტინას ასე ააგებთ და თამაშებში სენსორული ინტეგრაციის ელემენტებს ჩართავთ, ამით ბავშვებში ისეთ საფუძველს ჩამოაყალიბებთ, რომელიც თანდათან გააუმჯობესებს მის მეტყველებას, თვითრეგულაციასა და ქცევას. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს სწავლის უნარების განვითარებას.