თბილისი, 16 მარტი – Sputnik. მეტროს სადგურ „სამგორთან“, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა აიკრძალება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერია მეტროს სადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს. კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ კახა გულედანსა და ისნის რაიონის გამგებელ ნიკოლოზ ელისაშვილს გარე მოვაჭრეებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციის დაწყება დაავალა.
მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემა დიდი ხანია არსებობს. კალაძის თქმით, თბილისის მერიაში არაერთი ზარი და საჩივარია შესული იმასთან დაკავშირებით, რომ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს.
„ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში ხელს არავის ვუშლით, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს წესრიგის ფარგლებში. მინდა ადგილობრივი ბაზრობების ხელმძღვანელობასთან დაიწყოთ მოლაპარაკებები, რათა მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე, ასევე მოხდეს იმ სავაჭრო ჯიხურების აღება, რომლებიც ხელს უშლის მოქალაქეების გადაადგილებას“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, გარე ვაჭრობა დედაქალაქის მეტროს ყველა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალება.