თბილისი, 16 მარტი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება დიდ ზიანს მიაყენებს თავის ქვეყანას და მოსახლეობას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციას ვერ შეცვლის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან მათი უცხოელი ლობისტების ვერანაირი პროვოკაცია თუ ფარული კამპანია. მან კვლავ ბრალი დასდო „ნაცმოძრაობას“, რომ ამ პარტიას, რომელსაც „ომის პარტია“ უწოდა, საქართველოს ჩართვა უნდა შეიარაღებულ კონფლიქტში.
„ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ და პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მან 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, არც საქართველოს ხელისუფლებას, რომელშიც მაშინ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ. უფრო მეტიც, სულ ორ წელიწადში საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით სისტემატურად მართავენ საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მოითხოვენ.